2025 წლის იანვარი-მარტის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3 პროცენტი შეადგინა
30-04-2025

2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო: 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი და თებერვალში 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 9.0 პროცენტს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა.

მარტის თვეში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; ტრანსპორტისა და დასაწყობების და მშენებლობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. 

მაღალ ეკონომიკურ ზრდას ასევე ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. 2025 წლის მარტში ექსპორტი 8.2%-ით გაიზარდა და 565.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულ შემოსავლებს, ის 2025 წლის პირველ კვარტალში წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

2025 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,270 ერთეულს გაუტოლდა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.2%-ს შეადგენს.