ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა
03-06-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. ნათია თურნავამ ესტონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მზაობაზე, პირველი ივლისიდან გახსნას საკუთარი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო მოგზაურებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზოს.

როგორც ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველო ძალიან კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ და ასევე ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ ესტონეთს ესტუმრონ.

„ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპული ქვეყნების მინისტრებთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ტურიზმისა და სატრანსპორტო საკითხებს კურირებენ. ამ საუბრების ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გავხსნათ ჩვენი ქვეყნები ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი და საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელიც ეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან, შენგენის ზონიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოგზაურობის მსურველ პირებს. ესტონეთში ორკვირიანი თვითიზოლაციის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან იმ ზემოხსენებული ქვეყნებიდან შემოსული პირები, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 100000 მოსახლეზე კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა არ აღემატებოდა 15-ს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021