ნათია თურნავა - თბილისსა და რიგას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება
28-07-2020

საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია „airBaltic“-ს შორის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბალტიის სამი სახელმწიფო ხუთი ევროპული ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებთანაც საქართველოს უპირობოდ აქვს საზღვარი გახსნილი.

„ამით როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდ-თან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება,“ - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენებიც უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.

2020 წლის აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდება აგრეთვე მიუნხენის და პარიზის მიმართულებით. 2 აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აღადგენს, ხოლო 8 აგვისტოდან პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია Air France განაახლებს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021