UNWTO-ს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
10-09-2021

ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც პორტუგალიაში გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეებს ქართული ღვინის წარმოების კულტურა და ღვინის ტურიზმის პოტენციალი გააცნო.  

საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სხვადახვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან. 

მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ეტაპებზე და ხელშეწყობის იმ მექანიზმებზე, რომელთაც მთავრობა კერძო სექტორის მიმართ იყენებს.

„ჩვენ დავასრულეთ მონაწილეობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რიგით მე-5 ღვინის საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, დატვირთული, საინტერესო ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მინისტერიალის ფარგლებში გვესაუბრა საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალზე, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ შესაძლებლობა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ჩასატარებლად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პირდაპირი რეისების მოლაპარაკებისთვის. საქართველოს მონაწილეობა ასეთი მაღალი რანგის ღონისძიებაში, ხელს უწყობს როგორც ტურიზმის პოპულარიზაციას და განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, არამედ დადებითად აისახება ღვინის ინდუსტრიის განვითარებაზე ქვეყანაში და ასევე შემდგომ შესაძლო ექსპორტზე ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კონფერენციაზე განხილული იყო ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა, კოვიდ პანდემიის პირობებში უსაფრთხო ტურიზმის აღდგენა და გლობალური გამოწვევები.
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021