ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნათანს შეხვდა
10-05-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ნათანს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით კი, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია DFC, განხორციელდა საქართველოში არაერთი დარგის მხარდაჭერა, როგორიცაა საფინანსო სექტორი, ტურიზმი, ჯანდაცვა, წარმოება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვ. კორპორაციამ ქვეყნის ეკონომიკაში 750 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირება განახორციელა და ამჟამად 12 მოქმედ პროექტს ახორციელებს საერთო ღირებულებით 188 მლნ აშშ დოლარი. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა DFC-ის გეგმებზე რეგიონული ოფისების გახსნის თაობაზე და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა აღნიშნული ოფისის საქართველოში გახსნის თაობაზე თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.

ამერიკული მხარის დიდი ინტერესი გამოიწვია შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის პროექტმა, რომელიც საქართველოს და  ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. 

ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და საქართველოს რეგიონული ჰაბის ფუნქციის განვითარებას. 

აშშ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, საიდანაც განხორციელებულმა ინვესტიციებმა 1,8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2022 წლის 1 მარტის მონაცემებით, საქართველოში ამერიკული კაპიტალით 351 მოქმედი კომპანია ფუნქციონირებს და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, საფინანსო სფერო, წარმოება, ინფრასტრუქტურა და უძრავი ქონება.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021