რომეო მიქაუტაძემ „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარების შესახებ კომპანია „Masdar"-ში შეხვედრა გამართა
15-01-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროებში მიმდინარე „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის“ ფარგლებში, კომპანია „Masdar"-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ჯაბა ხმალაძე. აღნიშნული კომპანია განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერია და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და „Masdar“- ის ერთობლივი პროექტის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. 

„ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ საპროექტო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ-ი იქნება. მისი მშენებლობა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები როგორც პროექტის მშენებლობის, ასევე ოპერირების დროს.  

საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ხელმძღვანელობით, „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში“ მონაწილეობს. კვირეულის ძირითადი საკითხებია გლობალური თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მისაღწევად, ტექნოლოგია, ინოვაცია და ეკონომიკური განვითარება. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021