ლევან დავითაშვილი რუსთავში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო
26-01-2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რუსთავში, ახალი, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს - “სერპენსის” გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა პირადად დაათვალიერა საწარმო და მისი მუშაობის პროცესს დეტალურად გაეცნო. 

„რუსთავში ახალი, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა - ეს არის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი, მორიგი წარმატებული მაგალითი. როდესაც 7-8 წლის წინ კომპანიას გადაეცა მიწა, აქ არაფერი იყო, ფაქტობრივად, ეს იყო ტრიალი მინდორი, დღეს კი ჩვენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო მივიღეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს“ - განაცხადა  ვიცე-პრემიერმა.

საწარმო, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით აშენდა, აქამდე “რუსთავოილის” სახელით ფუნქციონირებდა, თუმცა მას გაფართოება/განახლების და გადაიარაღების   შემდეგ “სერპენსი” ეწოდა. საწარმოში განხორციელდა 30 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია და როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სრულად არის შესრულებული ინვესტორების მიერ სახელმწიფოსადმი აღებული ვალდებულებები. 

ქარხანა აწარმოებს მაღალი ხარისხის, ევროსტანდარტის შესაბამის ბიტუმს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ხარისხიანი გზების მოწყობისა  და საგზაო ინფრასტრუქტურის შენების პროცესში, ამასთან, ის აკმაყოფილებს სხვადასხვა რეგიონის კლიმატურ პირობებს. დღესდღეობით საწარმოში 70 ადამიანია დასაქმებული. 

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საწარმო ათობით პროფესიონალს ასაქმებს, პირველ რიგში კი ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს არის საწარმო, რომელიც თანამდეროვე ეკოლოგიურ მოთხოვნებს შეესაბამება, მისი გარემოზე ზემოქმედება მინიმუმზეა დაყვანილი“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021