მარიამ ქვრივიშვილი: „აქტიურად ვმუშაობთ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე“
10-04-2024

საქართველოსა და დიდ ბიტანეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, კონსულმა კლერ ოლბლესმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ბრიტანეთის საელჩოს სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელი ნინო გამხარაშვილი. 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორივე მხარე აქტიურად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე. 

„შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ როგორც ბრიტანეთის საელჩო, ასევე ჩვენი სამინისტრო ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აქტიურად ვიყოთ  ჩართულები ამ მოლაპარაკების პროცესში და შესაბამისად, დავგეგმეთ საერთო აქტივობები. ჩვენ გვაქვს აქტიური, მიმდინარე მოლაპარაკებები პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მათ დაიწყონ პირდაპირი ფრენები ლონდონიდან თბილისის მიმართულებით. ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა უახლოეს დღეებში  პოტენციურ, პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთობლივი კომუნიკაცია“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკმაოდ მზარდია ტურისტული ნაკადები ბრიტანეთიდან - საქართველოს ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც აისახება ვიზიტორების ზრდაზეც. გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანული ავიაკომპანიებისგან გაზრდილია ინტერესი საქართველოში ოპერირებაზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად.

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021