გიორგი ქობულია სტარტაპ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
13-11-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტექნოპარკში 30-მდე სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ინოვაციების ეკოსისტემის გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სტარტაპების მხარდამჭერ სამომავლო პროექტებზე. 

„ჩვენ გვქონდა ძალიან თავისუფალი, გახსნილი დისკუსია. ჩვენ დავპირდით სტარტაპებს, რომ აღმოვფხვრით ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს. ასევე ბევრი წინადადება მოვისმინეთ, როგორ უნდა იყოს საერთაშორისო პრომოუშენი ჩვენი სტარტაპებისთვის, როგორ დავაკავშიროთ ისინი სტარტაპებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და ინოვაციების ეკოსისტემასთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები უფრო ხშირად და რეგულარულად გავმართოთ” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

დისკუსიის დროს გადაწყდა, ჩამოყალიბდეს მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლობა საჯარო სექტორსა და სტარტაპ კომპანიებს შორის იქნება უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი. 

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021